ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ევროპის სახლში დღეს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს სახელწოდებით - „ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობა“ გახსნის.
როგორც „ნიუსპრესს“ ამერიკის საელჩოდან აცნობეს, დისკუსია თემაზე - სამოქალაქო აქტიურობა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა გაიმართება.
ღონისძიების მსვლელობისას საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ამსახველი გამოფენა მოეწყობა.
„ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტს“ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 3.75 მლნ აშშ დოლარით აფინანსებს. მას საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.
პროექტის მიზანი საქართველოს სხვადასხვა ეთნიკურ და გეოგრაფიულ რაიონებში ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
პროექტი ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, ასევე, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის ამაღლებაა გათვალისწინებული.
დღევანდელ დისკუსიაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

















