საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დღეს სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაიმართება.
სტუდენტები სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას და სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ.
როგორც საინიციატივო ჯგუფში განაცხადეს, სახელმწიფომ კონსტიტუციის 35-ე მუხლი უნდა დაიცვას, რომელიც განათლების მიღების უფლებას ითვალისწინებს.
მათი თქმით, განათლების მინისტრთან შეხვედრის შედეგად კონკრეტული შედეგი ვერ მიუღეს და ამდენად, აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ და სტუდენტებს სტატუსს არ აღუდგენენ.
სტუდენტების პრობლემების მოგვარების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი ორი თვის წინ შეიქმნა. ჯგუფის წევრთა განცხადებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი 10 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული.

















