აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „შენარჩუნება“ (JSI) სასტუმრო „რედისონში“ დღეს მედია სემინარს მოაწყობს.
როგორც „ნიუსპრესს“ JSI-დან აცნობეს სემინარი თემაზე - „ჯანმრთელი ოჯახი“ გაიმართება, სადაც თანამედროვე პრინციპები ეფექტურ პერინატალური მოვლისა და ჯანმრთელი ოჯახის საკითხებს განიხილავენ.
სემინარის მსვლელობისას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში არსებულ მიღწევებს წარმოადგენენ.
სემინარზე დამსწრე ჟურნალისტები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში აქტუალურ თემებსა და ახალი კვლევების შედეგებს გაეცნობიან.
აქციის მიზანი თანამედროვე ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლებაა.
საგანმანათლებლო სემინარის მსვლელობისას USAID-ის ხელშეწყობით, კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია.
კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებმა ჯანმრთელი ოჯახის პრინციპებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალა უნდა წარმოადგინონ.
გამარჯვებულ ჟურნალისტებს JSI-სა და მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან ფასიანი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ.
დღესდღეობით, პროგრამა „შენარჩუნების“ მხარდაჭერით საქართველოს 29 წამყვანი სამშობიარო სახლი ეფექტური პერინატალური მოვლის პრინციპებს ახორციელებს.
JSI-ის მონაცემებით, ეფექტური პერინატალური პრინციპების დანერგვის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში გართულებებისა და დაუსაბუთებელი სამედიცინო ჩარევების ხარჯზე დანახარჯები 25%-ით შემცირდა.

















