საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებისგან "ზღვაოსნობაში შრომის შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირებას ითხოვს.
როგორც "ნიუსპრესს" საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს, ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნილი არაერთი პრობლემის გამო, მეზღვაურთა შრომის უსაფრთხოებისთვის კონვენციის რატიფიცირება აუცილებელია.
პროფკავშირების ინფორმაციით, კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ორი პირობა: მისი რატიფიცირება უნდა განახორციელოს მინიმუმ 30-მა ქვეყანამ; ამ ქვეყნების გემების გაერთიანებული სავაჭრო ტვირთამწეობა, ე.წ. ტონაჟი მსოფლიო სავაჭრო ტვირთამწეობის 33%-ს უნდა შეადგენდეს. ქვეყნები, რომლებიც მოახდენენ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებას, ვალდებული არიან ცხოვრებაში კონვენციის ეფექტურად გატარებისათვის ერთმანეთთან ითანამშრომლონ.
საქართველოს პროფკავშირებს მიაჩნია, რომ სასურველია საქართველომ რატიფიცირება მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორანიზაციის 185–ე კონვენციისა, რომელიც მეზღვაურთა პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტაციას ეხება. მათი თქმით, ეს შექმნის ამ დოკუმენტაციის აღიარებისა და გაყალბებისგან დაცვის პირობას.
პროფკავშირები ხაზგასმით მოითხოვს, ტრანსპორტის ადმინისტრაციამ გააკონტროლოს კომპანიების მიერ დადებული კონტრაქტები და საქმიანობა, რათა გარკვეული იყოს, რა პირობებში უწევთ მუშაობა მეზღვაურებს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია "ზღვაოსნობაში შრომის შესახებ" 2006 წელსაა მიღებული. ის მსოფლიოს 1,2 მლნ მეზღვაურისთვის ფართო უფლებებსა და დაცვის მექანიზმებს ამკვიდრებს.

















