საბავშვო ბაღებში ბავშვების ჰიგიენური ქცევა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს – ასეთია „იუნისეფის“ კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.
ჰიგიენური ქცევის კუთხით კვლევამ პოზიტიური შედეგები გამოავლინა. კერძოდ, ბავშვები საპნით ხელს იბანენ ჭამამდე და ჭამის შემდგომ, ეზოში სეირნობის შემდეგ და ნებისმიერ დროს, როცა ხელები ესვრებათ. თუმცა, ინფრასტრუქტურა სტანდარტებს არ შეესაბამება და გაუმჯობესებას საჭიროებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში საბავშვო ბაღების მხოლოდ 56%-ს მიეწოდება წყალი შენობის შიგნით შეყვანილი მილიდან. იგივე მონაცემი სოფლის ბაღებისთვის 34%-ს შეადგენს. დანარჩენ შემთხვევაში, წყალი მილებით მიყვანილია მხოლოდ ეზოში, ან სარგებლობენ თავდახურული ჭის ან წყაროს წყლით.
კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღების 3%-ში წყალი არ არის უსაფრთხო. ამ მხრივ, რეგიონებიდან სავალალო მდგომარეობა სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლშია.
წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ეროვნული კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა. კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქართველოში არსებული 1 277 ბაღიდან 554 ბაღი მონაწილეობდა.

















