არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ია ღონღაძემ განუცხადა, აქცია სახელწოდებით - „მთავარი დამნაშავე პარლამენტის ვიცე-სპიკერია“ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ორგანიზებით გაიმართება.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იქნება - იცის თუ არა პრეზიდენტმა რამდენი მოქალაქე დააზარალა „ცენტრ პოინტმა“ - განაცხადა ია ღონღაძემ.
მისი თქმით, დაზარალებულების მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა და კომპანია „დექსუსი“ მათ უარეს პირობებში აყენებს.
„დაზარალებულ მენაშენეთა“ წარმომადგენლების განცხადებით, „ცენტრ პოინტმა“ 2003-2010 წლებში 6 200 ოჯახი დააზარალა, რომელთა მდგომარეობა უცვლელია.
საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია „დექსუსი“, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ აქტივები გადაიბარა, დაზარალებულთაგან თანხის 18%-ის დამატებას ითხოვს.
2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები 3 წლის ვადაში უნდა შეასრულოს.

















