საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში - "სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე", ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთვებიან.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, დღეს კერძო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გამართეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, კერძო სექტორი ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწვდის.
სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.

















