ავიაციის ყოფილმა თანამშრომლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე კომპენსაციის გაზრდა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
როგორც ავიასპეციალისტთა პროფკავშირების თავმჯდომარემ თეიმურაზ მეფარიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ავიაციის 250 თანამშრომელი მინიმალურ კომპენსაციას - 80-135 ლარის ფარგლებში იღებს, რაც საარსებოდ არასაკმარისია.
მეფარიძის თქმით, 2005 წლის მონაცემებით, ისინი საჯარო მოხელეებს მიაკუთვნეს. იმ დროისთვის საჯარო მოხელეს 135 ლარი ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ გადაწყვეტილებაში არაფერი შეცვლილა.
„ხომალდის მეთაური კომპენსაციის სახით 135 ლარს იღებს, ხოლო ბორტგამცილებელი დაახლოებით 80 ლარს. ეს თანხა საარსებოდ არასაკმარისია. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები დაავადებულები არიან. ბევრს რადიაციული გამოსხივების შედეგად სხვადასხვა დაავადებები აწუხებს, ეს თანხა კი, მათ წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნით“ - განაცხადა თეიმურაზ მეფარიძემ.
აქციის მონაწილეებმა ავიაციის პრობლემებზე სასაუბროდ ტელეკომპანია რუსთავი 2“-ისგან პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.
ავიატორების მორიგი აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან 4 მაისს 15:00 საათზე გაიმართება. აქციას „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

















