პარტია "ახალი მემარჯვენეები" სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების სარეიტინგო ქულების ზედა
ზღვარის გაზრდას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ გორის ოფისში დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხში რეფორმების გატარების თაობაზე მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან.
"ჭიაბერაშვილი ტოსტერზე და მტვერსასრუტზე საუბრობს, თუმცა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ნივთები სოფლად თითქმის არავის აქვს და ამას მოსახლეობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. მოვუწოდებთ მას მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლოს და რეალური ცვლილებები განახორციელოს"- აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთანავე, ახალი მემარჯვენეები" მოითხოვენ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები საჯარო გახადოს და ყველანაირი ინფორმაცია ვებ-გვერდზე განათავსოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოციალურად დაუცველთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია შეიცვლება და დაიხვეწება. ახალი ინიციატივა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გორში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაახმაურა. გადაწყდა, რომ ოჯახების შეფასების სისტემიდან ხანგრძლივი მოხმარების საგნები - კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი ამოიღონ.

















