საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 7-მდე სტუდენტმა შიმშილობა დაიწყო.
ეს გადაწყვეტილება მათ დღეს უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ
მიიღეს. აღნიშნულის შესახებ "ნიუსპრესს" სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი გვიმრაძემ განუცხადა.
დღევანდელ აქციაზე მონაწილეები სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას მოითხოვდნენ.
"აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი უნივერსიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობასთან შიმშილობენ. მათ შორის როგორც სტატუსშეჩერებული, ასევე მოქმედი სტუდენტებიც არიან" - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშაკინთან შეხვედრა იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები არ გადაიდგმება, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
უკვე ცნობილია მომდევნო აქციის თარიღიც. სტუდენტთა მხარდასაჭერი აქცია 25 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან იგეგმება.
სტუდენტების პრობლემების გადაჭრის მიზნით საინიციატივო ჯგუფი ორი თვის წინ შეიქმნა. როგორც საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, ამჟამად სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი 10 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული.

















