პარლამენტის წინ „მწვანეთა პარტიის“ მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია გაიმართა. მას რამდენიმე ასეული მოქალაქე ესწრებოდა.
აქციის მონაწილეები 20 მარტს „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. ამასთან, ცვლილებების გაუქმების მოთხოვნით პარტიის მიერ შედგენილ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა, კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის.
„ამ კანონით ფაქტიურად, ხელისუფლება ღიად აცხადებს - ფული გადაგვიხადეთ და ქვეყნის გარემოსა და ბუნებას რა სახის ზიანიც გსურთ მიაყენეთ“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ აქციას ევროპის „მწვანეთა პარტიის“ წევრებიც უერთდებიან.
„იმედი გვაქვს საქართველოს დასახმარებლად პროცესში ევროპარლამენტს ჩავრთავთ. კანონის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შევიტანეთ“ - აღნიშნა მან.
„გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებები 20 მარტს შევიდა. ცვლილების თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და პირს ან კომპანიას შორის შეთანხმების დადების შესაძლებლობა განისაზღვრა. შეთანხმების საფუძველზე, ბიზნესკომპანიებს სახელმწიფოსთვის გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ნებისმიერი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. სანაცვლოდ კი მათ, სანქცია არ დაეკისრებათ.

















