არასამთავრობო ორგანიზაცია „ონკოჰემატოლოგიურ პაციენტთა მშობელთა კავშირის“ წევრებმა ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე დღეს მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობის მიზანი ონკოჰემატოლოგიური დაავადებების პრევენციაა. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
როგორც „ნიუსპპრესს“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ მარინა გოგიჩაიშვილმა განუცხადა, საქველმოქმედო ორგანიზაცია ონკოჰემატოლოგიური დაავადებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისთვის აქციას ყოველ წელს მართავს.
„ორგანიზაციაში გაწევრიანებულები ვართ იმ ბავშვების და მოზარდების ოჯახის წევრები, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს. გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ ორგანიზაციის ფონდის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვისკენ, რათა დავეხმაროთ დაავადებულ პაციენტებს. თუ ამ საქმეში მთელი საქართველო ჩაერთვება ეს ბავშვებისთვის დიდი დახმარება იქნება“- განაცხადა მარინა გოგიჩაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ონკოჰემატოლოგიური დაავადების შემთხვევები ყოველ წელს იმატებს და წლიურად 70-80 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

















