მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ კვირაცხოვლობას, იგივე აღდგომის განახლების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოდან აცნობეს, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში საზეიმო წირვა შესრულდება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში წირვას 09:00 საათზე აღავლენს.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება ეწოდება.
ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში.
კვირაცხოვლობას აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო ეწოდება: სახარებაში აღწერილია თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს მაცხოვარი თავის მოწაფეებს და თავისი ჭრილობები უჩვენა. როდესაც ეს თომა მოციქულმა შეიტყო, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს მის აღდგომას არ დავიჯერებო.
აღდგომიდან მე-8 დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი მოწაფეებს ამჯერად თომას თანდასწრებით გამოეცხადა. ჭრილობები უჩვენა და თომას უთხრა მისულიყო და ხელით შეხებოდა.
თომა მუხლებზე დაეცა და მაცხოვარს თაყვანი სცა. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება აღიარა.
უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.
კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს უზმოზე იღებენ.

















