საქართველოს პრეზიდენტმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი გახსნა.
ცენტრში მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად იმყოფებოდა.
სააკაშვილი ლაბორატორიული კვლევის პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, ეს დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტია და ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო ბუმის პირობებში საქართველოს ასეთი ლაბორატორია „ჰაერივით ჭირდება“.
„საქართველოში არც ერთ ეპოქაში ერთბაშად ამდენი რამ არ აშენებულა, რამდენიც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში და ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია“-აღნიშნა პეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში საქართველო რეგიონის ცენტრად იქცევა.
„საქართველო ხდება ამ რეგიონის ცენტრი ბიზნესის, ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს ახალ ქალაქებს, ახალ გზებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ კაშხლებს. მარტო იმდენი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს ასაშენებელი, რომ არც კი ვიცი, ეს რამდენიმესართულიანი მშენებლობა ამას როგორ უნდა გაუმკლავდეს“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, 90-იან წლებში საქართველოში არაფერი შენდებოდა, ახლა კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.
„იყო ჟამი ქვების გაბნევის, ახლა არის ჟამი ქვეყბის შეგროვების“-განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებული ინჟინრები, მამა-შვილი წურწუმიები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

















