22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ სხვადასხვა ღონისძიებებს მოაწყობენ.
საქართველოს „მწვანეთა მოძრაობა“ ამ დღეს წელსაც ტრადიციულად აღნიშნავს. კერძოდ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები საქართველო“ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC), ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და მოხალისეები, ფილარმონიიდან ვარდების მოედნამდე მსვლელობას მოაწყობენ.
მსვლელობის დროს ახალგაზრდები სანახაობებს წარმოადგენენ. დარიგდება საინფორმაციო მასალები. გარდა ამისა, სასტუმრო „რედისონის“ წინ მოეწყობა Flashmob-ის აქციაც.
დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის“ ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ კი ამ ღონისძიებამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. დედამიწის დღეს მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე აღნიშნავს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.

















