10 და 21.3-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის საშუალება დღეს, რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მდებარე ამერიკულ კუთხეში 11:00–დან 16:00 საათამდე ექნებათ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს, გარბენი, რომელშიც 100-ზე მეტი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას, რუსთავის მერიის შენობიდან 22 აპრილს 09.00 საათზე აიღებს სტარტს.
გარბენი საქართველოში აშშ-ს საელჩოს გახსნის 20 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიებაში სულ 200 მორბენალი ჩაერთვება, მათ შორის ქართველი ჯარისკაცებიც იქნებიან.
გარბენის სპონსორები სააქციო საზოგადოება „საქართველოს ლუდის კომპანია“ და „რედ ბული“ არიან. „საქართველოს ლუდის კომპანია“ თითოეული გარბენის სამ საუკეთესო მორბენალს დააჯილდოებს. კერძოდ, პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები „სამსუნგ გალაქსის“ პლანშეტს, მეორე ადგილზე გასულები – ციფრულ ფოტოაპარატებს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები – MP3 პლეერებს მიიღებენ.

















