პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე კანდელაკის ინგლისურენოვანი წიგნი - "ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე" ხელახლა გამოიცა.
მისი პრეზენტაცია დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
წიგნის პრეზენტაციას პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრები, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია, პოლიტოლოგები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
წიგნი პირველად 1953 წელს პარიზში გამოიცა და მასში 1921 წელს საბჭოთა არმიის საქართველოს ოკუპაცია, ეროვნული ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვების ისტორია და ემიგრირებულთა შემდგომი ცხოვრებაა აღწერილი.
კონსტანტინე კანდელაკი ემიგრირებული მთავრობის წევრი იყო. 1921 წლიდან იგი აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას ემიგრაციაში ეწეოდა. კანდელაკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს ქართველი ებრაელების გადარჩენაში.
კანდელაკი 1958 წლის ოქტომბერში შვეიცარიაში გარდაიცვალა. მოგვიანებით, იგი პარიზში გადაასვენეს და ლევილშია დაკრძალულია.

















