ტურისტების მისაღებად თბილისში არსებული მუზეუმები სრულ მზადყოფნაში არიან.
როგორც ეროვნულ მუზეუმში "ნიუსპრესს" განუცხადეს, მუზეუმი როგორც რუსული, ისევე
ინგლისური, ფრანგული და გერმანულენოვანი ტურისტების მომსახურებისთვის სათანადოდ მოემზადა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რომელშიც გაერთიანებულია სვიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, ტურისტებს ამ სეზონზე ორშაბათის გარდა ყოველ დღე 11:00–18:00 საათებში მოემსახურება. ზრდასრულებისთვის მუზეუმში შესვლა 5 ლარი ღირს; სტუდენტებისთვის - 1 ლარი; სკოლის მოსწავლეებისთვის - 0,50 ლარი; გიდის მომსახურება 15 დამთავლიერებელზე - 25 ლარი, ხოლო სასკოლო ჯგუფებისთვის - 10 ლარი.
ამჟამად ჯანაშიას მუზეუმში "არქეოლოგიური საგანძური" - ვანში 2004 წელს აღმოჩენილი ძვ.წ.აღ. IV საუკუნით დათარიღებული ვერცხლის სარტყელი, ბრინჯაოს და რკინის ქანდაკებებია გამოფენილი.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში კი, ექსპოზიციაა წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში საბჭოთა ტერორზე დოკუმენტურ მასალას შეიცავს.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც VIII-XIX საუკუნეების ქართველი ოქრომჭედლების უნიკალური ნიმუშებია დაცული, წლევანდელ სეზონზე ტურისტებს ორშაბათის გარდა ყოველ დღე 11:00 – 18:00 საათამდე მიიღებს. ზრდასრულები მუზეუმში შესვლას 3 ლარად შეძლებენ, სტუდენტები - 1 ლარად; სკოლის მოსწავლეები და პენსიონერები - 0,50 ლარად; გიდის მომსახურება 10 ლარი ღირს. ხელოვნების მუზეუმში - 27 აპრილს უკრაინული ხელოვნების ვერსაჟი XVIII – XX საუკუნეების ფერწერა-გრაფიკის გამოფენა გაიმართება.
ჯანაშიას მუზეუმში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ ყველაზე ხშირად მათ ამერიკელი და გერმანელი ტურისტები სტუმრობენ. ამერიკელი და ევროპელი ტურისტების ინტერესს საქართველოს მთიანი მხარე იწვევს - სვანეთი, ხევსურეთი და ა.შ, ხოლო აზიიდან ჩამოსული ტურისტები ძირითადად საქართველოს ზღვისპირეთით ინტერესდებიან.

















