ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის მხარეების ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია“ გაიხსნა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, პროფესორ ვალეხ ჰაჯილარისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი პირველი სამეცნიერო-კულტურული ღონისძიებაა, რომელიც სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ორგანიზებით ტარდება.
თსუ-ში აცხადებენ, რომ აქამდე სამ ქვეყანას შორის წარმატებით ხორციელდებოდა მსხვილი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები. სამეცნიერო სფეროში კი პირველი ფორუმია.
„ამ სამ ქვეყანას ოდითგანვე მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. აღნიშნული საერთაშორისო სიმპოზიუმი განამტკიცებს დიპლომატიურ და კულტურულ კავშირებს ჩვენ შორის. უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება მსგავსი ინციატივების მომხრე“ - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
სიმპოზიუმის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო პროექტების საფუძვლების მომზადება, კავკასიის, როგორც ერთიანი კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის, სამეცნიერო მიდგომის განსაზღვრა.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფოლკლორის ინსტიტუტი, არტაანის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი 20 აპრილს დასრულდება.

















