საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ხვალ მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორც "ნიუსპრესს" საპატრიარქოდან აცნობეს, საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.
მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორისაა. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ. წმ. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო, ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმეონმა, ვისაც უფლისგან განცხადებული ჰქონდა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ ყრმა იესოს არ იხილავდა, იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა.
წმინდა სვიმეონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა და განაცხადა: "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი". ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმეონი მალე აღესრულა.
მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

















