საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს ტაძრის
მშენებლობის საქმის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც პრეზიდენტმა დღეს ტაძრის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე აღნიშნა, საქმე რომელსაც პაატა ბურჭულაძე ამ კუთხით აკეთებს რევოლუციურია.
"მან ბევრი საქმის წამოწყება ითავა, ერთ-ერთია ამ ტაძრის მშენებლობა. მან ქართველ ერში საქველმოქმედო საქმიანობის სურვილი გააღვიძა" - განაცხადა სააკაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, აღნიშნული ტაძრის მშენებლობაში პაატა ბურჭულაძემ ასობით ათასი ქართველი ჩართო, შესაბამისად, ეს ისტორიული მშენებლობაა.
"მილიონებს ვხარჯავთ ტაძრების მშენებლობაზე. სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ტაძარი ავაშენეთ, ვზრუნავთ გადავარჩინოთ ჩვენი ტაძრები უცხოეთში, რადგან ქრისტიანობა არის პასპორტი ცივილიზებულ სამყაროში" - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს არცერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ამდენი ტაძარი შენდება.

















