თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა კლუბის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტთან რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა, ასევე, დატოვა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც თავის დროზე "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დევდარიანის დანიშვნის ინიციატორი იყო.
დევდარიანის თანამდებობიდან წასვლის მთავარ მიზეზად გუნდის არასახარბიელო მომზადების დონე და არაგუნდური მუშაობა დასახელდა. კერძოდ, ეროვნული ჩემპიონატის ბოლო 7 ტურში "დინამომ" ზედიზედ 7 ფრე ითამაშა.
"ვერ მოხერხდა გარკვეულ ფეხბურთელებთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ასეთ შემთხვევაში გუნდს ან მწვრთნელი ტოვებს ან ფეხბურთელების ნაწილი. გადავწყვიტე, რომ სწორი არჩევანი ჩემი წასვლა იქნებოდა"- განაცხადა დევდარიანმა.
ეროვნულ ჩემპიონატზე "დინამოს" რამაზ მუმლაძე უხელმძღვანელებს. ამჟამად, თბილისის "დინამო" სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამორჩება ქუთაისის "ტორპედოს" და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

















