შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო
დასაქმების პროგრამის მონაწილეებთან ერთად, წნორის ახალ საავადმყოფოს სტუმრობდნენ.
ჭიაბერაშვილმა სტუდენტებს ჯანდაცვის სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო და სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა ზაფხულში მათი დასაქმების ადგილები დათვალიერეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, წნორის საავადმყოფოში 45 სტუდენტი დასაქმდება, ხოლო მთლიანად სამედიცინო სფეროში 650 სტუდენტი გაივლის პრაქტიკას.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის "Summer Job" ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორში იმუშავებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

















