იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე დღეს გადმოსულ წმინდა ცეცხლს საქართველოში ავიაკომპანია "აირზენას" ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ.
როგორც "ნიუსპრესს" ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, თბილისი-თელავივი-თბილისის ჩარტერული რეისის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 22.40 წუთზე ჩამოფრინდება.
ცეცხლს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე ჩამოაბრძანებს.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი ჩვენი დროით დაახლოებით 15.15-15.25 საათზე გადმოვიდა.
რამდენიმე წელია, ქართველ სამღვდელოებას და მომლოცველებს მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვთ. ღვთაებრივ ცეცხლს პირველად სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ და მორწმუნეებში გაავრცელებენ.
როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის ტაძრის საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

















