ქართული ენის დღე დღეს კოდორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისში, დედაენის ბაღში აღნიშნეს.
დედა ენის ძეგლთან მოსწავლეებმა ქართველი პოეტების
ის ლექსები წაიკითხეს, რომლებიც ქართული ენის უნიკალურობასა და მის მნიშვნელობას ეხება.
კოდორის მუნიციპალიტეტი ღონისძიების მონაწილეებს საჩუქარდ ენციკლოპედიებს გადასცემს.
გარდა მოსწავლეებისა, დედა ენის ბაღში დღეს მოქალაქეებიც მივიდნენ. ისინი ქართული ენის დაცვას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა სარეკლამო დაფებზე ქუჩებში უცხო ენოვანი წარწერები ამ პროცესს ხელს უშლის.
"სახელმწიფო ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ დღევანდელი დღის დავიწყება და სათანადოდ არ აღნიშვნა მიუღებელია. დედა ენის ბაღში დილიდან პოეტებს და საზოგადო მოღვაწეებს ველოდით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავის მოსულა" – აღნიშნა "ნიუსპრესთან" საუბრაში ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სახელმწიფო ენად ქართული საქართველოში 1978 წლის 14 აპრილს გამოცხადდა. ამას წინ საქართველოს მოსახლეობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების მასობრივი გამოსვლა უძღოდა. გამოსვლით ისინი საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 მოქალაქე შეიკრიბა, კომუნისტურმა თვითმპყრობელობამ უკან დაიხია და ქართული სახელმწიფო ენად გამოცხადდა.

















