"ვისოლ ჯგუფი" სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის რეაბილიტაციას განახორციელებს.
როგორც "ნიუსპრესს" "ვისოლ ჯგუფიდან" აცნობეს, სტადიონის
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. სტადიონის ბუნებრივი საფარი განახლდება. გაკეთდება მოედნის სარწყავი სისტემა. გულშემატკივრებისთვის 1500 ახალი სავარძელი განთავსდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტადიონის გარე პერიმეტრსაც.
"სამტრედიის სტადიონი და საფეხბურთო კლუბი ახლა ისე საჭიროებს დახმარებას, როგორც არასოდეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ სამტრედიელ გულშემატკივარს სიურპრიზი გავუკეთოთ და მათ განახლებული სტადიონი შევთავაზოთ. სამტრედიის სტადიონის რეაბილიტაციით ქართული სპორტის განვითარებაში მცირე წვლილს შევიტანთ" – აცხადებს "ვისოლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე.

















