საქართველოში რეალური რადიაციული საფრთხე არ არსებობს და ქვეყანაში რადიაციული უსაფრთხოების საკითხი მაღალ
დონეზე დგას. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამ საკითხზე საზღვრებიდან დაწყებული, შიდა სამუშაოებით დამთავრებული კომპეტენტური პირები მუშაობენ. სწორად გაკეთდა სამარხები, სადაც რადიოაქტიური ნივთიერებებია კონცენტრირებული. ბოლო დროს ამ თემის გააქტიურება ქვეყნის შიგნით ხელოვნურად ხდება"- განაცხადა ხაჩიძემ.
მინისტრის თქმით, წელს ევროპაში 250 ტონა ვადაგასული პესტიციდი გავა, რომლის გადამუშავება ქვეყანას არ შეუძლია და ევროპელი პარტნიორების დახმარებით იქ გადამუშავდება.
"ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები გვეხმარებიან რომ ის მავნე ნივთიერებები, რომლის უტილიზაციაც არ შეგვიძლია, გავიტანოთ ქვეყნის გარეთ და იქ მოხდეს მათი დაშლა. ეს საერთაშორისო ინტერესის საგანია და არ მესმის, რატომ უნდა ვიქცეთ რადიოაქტიური ნივთიერებების სანაგვედ ან ტრანზიტულ ზონად"- განაცხადა ხაჩიძემ.

















