სინოპტიკოსები სრულ გამოდარებას თებერვლის ბოლომდე არ პროგნოზირებენ, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დღეს და ხვალ მთელი საქართველოს მასშტაბით უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს. ღამით როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ყინვები შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უფრო ნაკლები ტემპერატურაა, ვიდრე მთიან რაიონებში. დღეს თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში +6 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა +14 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალ კი +16 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მცირე ნალექი 16 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები გამოდარებას თებერვლის ბოლომდე არ პროგნოზირებენ. გარკვეულ დღეებში კი მოსალოდნელია ნალექი და ქარი.

















