შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად საქველმოქმედო დღეს შარდენზე აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იუსტიციის სამინისტრო იყო.
აქციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრების, საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ნივთებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო. ქართველი მომღერლების მონაწილეობით თეატრალიზებული სანახაობაც ჩატარდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის გნცხადებით, დღევანდელი აქცია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დახმარებას ისახავდა მიზნად.
"კარგად გვესმის, რომ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება მთელი საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვს. დღეს კი აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ იმ ადამიანებზე ვიზრუნოთ, რომლებიც ჩვენს თანადგომას სხვებზე მეტად საჭიროებენ" - განაცხადა მან.
აქციიდან შემოსული თანხით კოალიციისათვის "ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" სასათბურე ფართის მოწყობა იგეგმება, რაც მათ შიდა მეურნეობის გაფართოებაში დაეხმარება.

















