დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1948 წლიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დაარსების დღიდან აღინიშნება.
2012 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა „დაბერება და ჯანმრთელობა“, ხოლო სლოგანი – „კარგი ჯანმრთელობა ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“.
ორგანიზაცია ყოველ წელს ჯანმრთელობის ძირითად გლობალურ საკითხს ირჩევს და საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას, რათა შერჩეული თემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს.
მიმდინარე წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აქცენტი სიცოცხლის გახანგრძლივების ფაქტზე გაკეთდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 21–ე საუკუნეში გასულ საუკუნესთან შედარებით, დაბერების პროცესი განსხვავებულად წარიმართება.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ჯანმო საზოგადოებას ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

















