ქობულეთში მედიაჯგუფ „აჭარა P.S“-ის ჟურნალისტს სულხან მესხიძეს დღეს პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ჟურნალისტმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ინციდენტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქე მზევინარ მანველიშვილის გამოსახლების დროს მოხდა.
მესხიძის თქმით, საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, ქობულეთში სახლებიდან მოქალაქეების გამოსახლება მიმდინარეობს. გამოსახლება დაახლოებით 200 ოჯახს ემუქრება.
„მოსახლეობას კრედიტის გადაუხდელობის გამო საკუთარი სახლებიდან ყოველდღიურად ასახლებენ. დღეს დილით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ ოჯახს ასახლებდნენ, როდესაც ადგილზე მივედი პოლიციასა და მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული. კამერის ჩართვის შემდეგ, პოლიციელი მომვარდა, მხარში ხელი დამარტყა, გამომათრია და კამერის წართმევა სცადა“ - განაცხადა ჟურნალიტმა.
მესხიძის თქმით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს.

















