კინოთეატრ "ამირანში" დღეს 61-ე ბერლინალეს სენსაციადქცეული დოკუმენტური ფილმის - "ხოდორკოვსკის" სპეციალური ჩვენება გაიმართება.
კირილ ტუშის გახმაურებულ ფილმში რუსი ბიზნესმენის მიხეილ ხოდორკოვსკის ისტორიაა ასახული - როგორ გახდა ის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, შემდეგ კი, ყველაზე ცნობილი პატიმარი.
"ხოდორკოვსკი" პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.
ჩვენებას ფილმის რეჟისორი - კირილ ტუში, პროდიუსერი - სიმონე ბაუმანი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
მიხეილ ხოდორკოვსკი 1963 -2004 წლებში ნავთობკომპანია "იუკოს" მფლობელი და ხელმძღვანელი იყო. ასევე, 2004 წელს რუსეთის ყველაზე მდიდარ მოქალაქედ დასახელდა, ხოლო ჟურნალ "ფორბსის" მილიარდერთა სიაში მე-16 ადგილი დაიკავა.
ხოდორკოვსკი ნავთობის დატაცებასა და ამის საშუალებით მიღებული თანხების გათეთრების ბრალდებით 2003 წელს დააპატიმრეს. 2005 წელს რუსეთის მართლმსაჯულებამ ის ფინანსურ მაქინაციებსა და სახელმწიფოსგან გადასახადების დამალვაში დამნაშავედ სცნო. 2010-2011 წლებში კი, საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებებისთვის პატიმრობა გაუხანგრძლივდა. ამჟამად, რუსი ბიზნესმენი 13 წლიან სასჯელს იხდის.
ყოფილი რუსი ოლიგარქის საქმემ რუსულ და საერთაშორისო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი მიიჩნევს, რომ ის სამართლიანად იხდის სასჯელს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხოდორკოვსკი სინდისის პატიმარია და მასზე პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება.

















