საკაბელო კომპანია „Global TV” - ს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ მისი საშუალებით მაუწყებლობის სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება ასეთი ქმედებებით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ბარამიძის განცხადებით, ტელეკომპანია „მე-9 არხი“ სამაუწყებლო ბაზარზე აპრილის შუა რიცხვებში გამოვა. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც „Global TV”-მ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ამ არხის თავის სამაუწყებლო პაკეტში შეიტანს, ხელისუფლებამ საკაბელო ოპერატორს პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, სახელისუფლებო არხებმა „მზემ“, „იმედმა“, „რუსთავი 2-მა“ და „საქართველომ“ „Global TV”-ს საშუალებით მაუწყებლობაზე, თითქოსდა, კომერციული მიზეზის გამო, უარი თქვეს.
„თუ ასე გაგრძელდა „გლობალ TV-ს“ არაფერი ექნება თავის მაყურებლისთვის მისაწოდებელი. ეს ხელისუფლების წინასწარ დაგეგმილი კამპანიაა, რომლის მიზანი „Global TV”-ს სამაუწყებლო სივრციდან განდევნაა“ - განაცხადა ადვოკატმა.

















