საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „საკონსულტაციო ბარათების“ გამოქვეყნებას იწყებს, სადაც მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების
და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია იქნება განთავსებული.
საჯარო რეესტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მაგალითზე, განმარტავს თუ როგორ უნდა დარეგისტრდეს საკუთრებაში უძრავი ქონება.
იმისთვის, რომ კონკრეტულ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია, ეს უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მესაკუთრე განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ) მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირმა, მესაკუთრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები - განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი, ცნობა, ინფორმაცია სახელმწიფო არქივიდან, რეფორმის შედეგად გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ამონაწერი საკომლო წიგნიდან, საგადასახადო სია, საკუთრების მოწმობა და სხვა); მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები).