გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ახალ სისტემას ქმნის.
როგორც "ნიუსპრესს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ფართომასშტაბიანი
აპრობაციები 6 აპრილიდან დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ხვალ, აპრობაციაში მონაწილე სკოლების დირექტორებს შეხვდება.
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპრობაციების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი სისტემის შექმნაა, რომელიც მონაწილეს საშუალებას მისცემს, პრეტესტის გავლის შემდეგ არა მხოლოდ შეფასება, არამედ ტესტის დაძლევაზე დეტალური ინფორმაცია შეიტყოს.
აპრობაციებისას მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ.
ცენტრის ცნობით, სისტემის შექმნა მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა.
აპრობაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდება.
სისტემის რეალურ რეჟიმში ამოქმედება მომდევნო სასწავლო წლიდან იგეგმება.

















