სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში გამართული აქციის მონაწილეები გუდიაშვილის მოედანზე უკვე შეიკრიბნენ.
შეკრებილებს შორის არიან თბილისის 6 მოედანზე ჩატარებული აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები - მედია კლუბი, რომელმაც ჯაჭვი თავისუფალი მედიის მოთხოვნით ავლაბარში შეკრა, „ტფილისის ჰამქარი“ თავისუფლების მოედნიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით და სხვები.
„ტფილისის ჰამქარი“-ს ხელმძღვანელის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად, თბილისის ბაღებისა და სკვერების გაჩეხვისგან დაცვასაც მოითხოვენ.
სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში აქცია თბილისის 6 მოედანზე სხვადასხვა მოთხოვნით გაიმართა. იგი გუდიაშვილის მოედანზე სრულდება. მონაწილეები აღნიშნულ მოედანთან დაკავშირებით მოთხოვნებს შეიმუშავებენ და მერიას წარუდგენენ.
ორგანიზატორების განცხადებით, სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია არჩევნებამდე გაგრძელდება.

















