სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში თბილისის 6 მოედანზე აქციები უკვე დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ჯაჭვის შესაკრავად სააკაძის მოედანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლი“ შეიკრიბა.
მათ სააკაძის მოედანის ირგვლივ წარწერით “არ აწამო“ ყვითელი ლენტი გაშალეს.
საია-ს წარმომადგენლის თათული დოლიძის განცხადებით, მოქალაქეებს ისინი 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისის და 2011 წლის 26 მაისის აქციების დაშლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, აქციის წევრების მოთხოვნაა ბრალდებული სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის ობიექტური გამოძიება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სხვადასხვა მოთხოვნით კიდევ 5 მოედანზე არიან შეკრებილი. აქცია 17.00 საათზე გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.

















