კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის საკითხზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ყოველწლიურ მასშტაბურ აქციას „დედამიწის საათი 2012“ დღეს საქართველოც უერთდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს, აქციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთვება.
აქციის მსვლელობისას მსოფლიოში ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება შეწყდება, როგორიცაა სიდნეის საოპერო თეატრი, სან-ფრანცისკოს "გოლდენ გეით" ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი, ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი. მასში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროგანათებასა და ელექტროხელსაწყოებს საცხოვრებელ სახლებში.
მსოფლიო აქციას საქართველო 20:30-დან 21:30 საათამდე შეუერთდება. თბილისის აქციაში ჩაერთვებიან თბილისის საკრებულო, პარლამენტი, სატელევიზიო ანძა, „მშვიდობის ხიდი", ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მთაწმინდის პარკში მდებარე გიგანტური ბორბალი და ა.შ.
დედაქალაქთან ერთად, წლევანდელ აქციაში ბათუმი და ქუთაისიც მიიღებენ მონაწილეობას.

















