თბილისის ექვს მოედანზე დღეს 15:00 საათზე სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია დაიწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შორენა შავერდაშვილმა განუცხადა, აქციაზე სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი შეიკვრება.
მისი თქმით, აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიზნად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი 6 თემის შესახებ სამოქალაქო პოზიციისა და სოლიდარობის გამოხატვას ისახავს - ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.
შავერდაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი აღნიშნული აქტუალური თემების ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობის ჩვენებაა.
„აქამდე თუ საზოგადოება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებად იყო დაყოფილი, ახლა შევეცდებით პოლიტიკურ პროცესებზე ერთიანი ძალებით ვიქონიოთ გავლენა“- აღნიშნა შავერდაშვილმა.
სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისის რამდენიმე მოედანზე ჩატარდება - სააკაძის მოედანზე - ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვის მოთხოვნით „მწვანე ალტერნატივა“; ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის მოთხოვნით „მედია კლუბი“; ვაკის პარკთან - განათლების უფლების მოთხოვნით თსუ-ს სტუდენტები; მრგვალ ბაღთან - სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით კამპანია „ეს შენ გეხება“; ხოლო თავისუფლების მოედანზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით „ტფილისის ჰამქარი“ შეიკრიბება.
აქცია 17:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე დასრულდება.
სამოქალაქო აქციას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები - „მედია კლუბი“, „ტფილისის ჰამქარი“, „გუდიაშვილის მოძრაობა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „გამჭვირვალობა საქართველო“, კამპანია „ეს შენ გეხება“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და „მწვანე ალტერნატივა“ უწევენ.

















