საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ აშშ-ს ელჩს საქართველოში ჯონ ბასს წერილს უგზავნის.
სტუდენეტები წერილს ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვსაც გაუგზავნიან.
ასოციაცია სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებასა და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, წერილში მძიმე სოციალურ ფონზეა საუბარი, რის გამოც 10 000-მდე სტუდენტი სწავლის საფასურს ვერ იხდის და სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული.
„შაშკინი ცინიკური სახით გამოეხმაურა ჩვენს პროტესტს. მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩენია - საერთაშორისო საზოგადოება დავაინტერესოთ. იმედი გვაქვს, რომ მათი წყალობით ეს პრობლემა მოგვარდება“- განაცხადა კობაიძემ.
სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიუთითებს ხელისუფლებას - სტუდენტებს თანხის დასაფარად გარკვეული ვადა მისცეს ან მათი განათლება სახელმწიფომ დააფინანსოს.
„აშკარად ირღვევა კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, სადაც წერია, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“ - განაცხადა კობაიძემ.

















