აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხვალინდელი საინფორმაციო აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ არის ინიცირებული და მასში ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქიდან ჩასული პოლიტიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დუმბაძის ინფორმაციით, აქცია გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავთან 14:00 საათზე გაიმართება. აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსები არ გამოვლენ. მონაწილეებს მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები მიმართავენ.
დუმბაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობისგან განზრახულობათა ოქმის შინაარსის გამოქვეყნებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც ის თურქეთის ხელისუფლებასთან დოკუმენტზე ხელმოწერას აპირებს.
„სანამ დოკუმენტის შინაარს არ გავიგებთ, მანამდე გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლებელია. აქციების პერმანენტულობა შინაარსის გამოქვეყნებაზე იქნება დამოკიდებული“ - განაცხადა დუმბაძემ.
აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების სურვილი გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავთან 4 მარტს, საზეიმო წირვის შემდეგ, იქ შეკრებილმა საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა.

















