არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ახალ პროგრამას „Summer Jobs” ერთჯერად პროგრამას უწოდებენ, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს.
ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების უფროსი ანალიტიკოსია ლევან ნატროშვილი ავრცელებს.
მისივე განმარტებით, შესაძლოა, ხელისუფლების ამ წამოწყების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო რესურსებით საარჩევნო ამოცანების მიღწევა იყოს.
ნატროშილი აღნიშნავს, რომ დასაქმების ახალი პროგრამა 25 ათასი სტუდენტის ერთი თვით დასაქმებას 500 ლარიანი ანაზღაურებით ითვალისწინებს და ის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე განხორციელდება.
„დასაქმების პროგრამის წინასაარჩევნო ხასიათზე მისი ლოგოც მეტყველებს, რომელშიც ინგლისური ასო „S“ ძალზე წააგავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს - „5“-იანს“ - აცხადებს ნატროშვილი.
ამასთანავე, იგი თავად პროგრამაზე დარეგისტრირების გართულებულ შემთხვევებზეც საუბრობს.
„სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არაფორმალურად დაუდასტურა, რომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა სიების მომზადება და მათი განათლების სამინისტროში წინასწარი გადაგზავნა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა“ - აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინიციატივები თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ხელს უშლის.

















