მარნეულის საქალაქო საავადმყოფოში ჩასახლებული 9 დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მათი განცხადებით ძლიერმა თოვლმა ისედაც ავარიულ შენობას პრობლემები შეუქმნა. არსებობს საშიშროება რომ საავადმყოფოს სახურავი ჩამოინგრეს.
როგორც დევნილები "ნიუსპრესთან" საუბარში აცხადებენ, მათ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მთავრობას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
დევნილების თქმით, მათი საცხოვრებელი პირობები უმძიმესია, რადგან შენობაში არ არის კანალიზაცია, გათბობა და სასმელი წყალი.
მარნეულის საქალაქო საავადმყოფოში 9 დევნილი ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს. როგორც მოსახლეობა აცხადებს მათი ძირითადი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარება - 28 ლარია.

















