შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, 5 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, „სადამსჯელოს“ უწოდებენ, რადგან „ვარძელაშვილის და მერაბიშვილის ტელევიზიაზე ხმის ამოღება გაბედეს“.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადამსჯელო სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ხელისუფლებისთვის არმოსაწონი ტელევიზიები დასაჯოს.
კომისიის ინფორმაციით, „თრიალეთი“ ტელემაუწყებლობის ტრანზიტის (ე.წ საკაბელო მაუწყებლობის) განსახორციელებლად იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობდა, რომლის ლიცენზიაც მას არ ჰქონდა.
ნანეტშვილმა კომისიის ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიას საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია 7-8 წელია აქვს. ის საკუთარი სიხშირით სიგნალს სხვადასხვა საკაბელო ოპერატორს აწვდის და ტელევიზიის მხრიდან არანაირ სიხშირულ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
ნანეტაშვილი დაჯარიმების ფაქტს „თრიალეთის“ მხრიდან ხაშურის ტელევიზიის „დიას“ მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს უკავშირებს.
„კომისიამ გადაწყვეტილება სპონტანურად იმის გამო მიიღო, რომ ჩვენ მას ტელევიზია „დიას“ მაუწყებლობის სიხშირული გადამცემების შემოწმებისკენ მოვუწოდეთ, რომელმაც სარელეო გადამცემები უკანონოდ ნებართვის გარეშე დაამონტაჟა“ - განაცხადა ნანეტაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ახლობელს გურამ გოგოლაძეს შეასყიდინეს. მისივე თქმით, ამ ტელევიზიას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „აკონტროლებს“.
ნანეტაშვილის განცხადებით, მან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გუშინდელ სხდომაზე ტელევიზიის სიხშირეთა გადამცემების ხელახალი შემოწმება დამოუკიდებელი ექსპერტებსა და მოწმეების თანდასწრებით მოითხოვა, თუმცა, კომისიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„თრიალეთი“ კომისიის ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

















