ავტორები მათი ნაწარმოებების ინტერნეტში უკანონო განთავსების აკრძალვას ითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციას სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებების ავტორები - ნატო გელაშვილი, ვახო ბაბუნაშვილი, მერაბ სანოძე, ბაკურ ბურდული, გიორგი ერგემლიძე და სხვები ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ქართველ ავტორთა ჯგუფმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას საავტორო უფლებების დაღვევის შესახებ აცნობა. საკითხი ინტერნეტგვერდის www.geguchadze.com საშუალებით ავტორთა ნებართვის გარეშე მათი ნაწარმოებების უკანონოდ გავრცელებასა და რეალიზაციას ეხება.
"ასოციაციამ ინტერნეტგვერდის მესაკუთრეს წერილობით მიმართა და ვებ-გვერდიდან ნაწარმოებების უკანონო განთავსება-რეალიზაციის აკრძალვა და კომპენსაციის გადახდა მოითხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის, საკითხი შეიძლება სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს"- განაცხადა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძემ.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ინტერნეტ სივრცეში არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვა ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების კამპანიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია. კამპანია მიზნად ისახავს არალიცენზირებული პროდუქციის ლიცენზირებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რაც საბოლოოდ ქართული ბაზარიდან მეკობრული პროდუქციის განდევნას და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

















