მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე ონლაინ რეგისტრაცია სულ 128 154 მსურველმა გაიარა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 პედაგოგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტი, საატესტატო გამოცდებზე 42 590 მეთორმეტე კლასელი, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე კი - 7 564 მსურველი დარეგისტრირდა.
წელს პირველად, მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაიარეს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2012 წელს სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება - მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტი აირჩიეს. მეოთხე საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი საგნები აირჩიეს. ასევე, სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.
გასული წლის მსგავსად, საატესტატო გამოცდები წელსაც კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT"-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში 5,5 იქნება. გამოცდები საგნების მიხედვით საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.

















