საქართველოში ჟურნალ „ფორბსის“ გამოცემის უფლების მქონე კომპანია „მედია პარტნერსი“ ჟურნალის უკვე ყოფილ რედაქტორს რევაზ საყევარიშვილს ოფიციალური განცხადებით უპასუხებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ჟურნალის გამომცემელმა მაია მირიჯანაშვილმა განუცხადა.
„ოფიციალური განცხადება მზად ჯერ არ გვაქვს. ამ ყველაფერს ოფიციალურ პასუხს მას შემდეგ გავცემთ, რაც მის ბრალდებებს მოვისმენთ“ - აღნიშნა მირიჯანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ფორბს ჯორჯიას“ პრეზიდენტი გაგიკ ეღიაზარიანი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
"ფორბს ჯორჯიას" მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან ჟურნალის სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში შექმნილი ბარიერები გახდა. საყევარიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2011 წლის შემოდგომიდან მუშაობდა.
ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემა - „ფორბს ჯორჯია საქართველოში 2011 წლის დეკემბრიდან გამოდის.

















