"ფორბს ჯორჯიას" მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში ბარიერების შექმნის, კერძოდ,
დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შესახებ საყევარიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, "ფორბს ჯორჯიაში" გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე საქმიანობის პერიოდში, "ფორბსის" გამოცემის უფლების მქონე კომპანია "მედია პარტნერსის" პრეზიდენტთან გაბიკ ეღიაზარიანთან კონფლიქტი არაერთხელ მოუვიდა, რამაც განსაკუთრებით მწვავე ფორმა მას შემდეგ მიიღო, რაც "ფორბს ჯორჯიას" ფურცლებზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს განთავსება გადაწყდა.
"სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ბატონ ეღიაზარიანს და წავაწყდი მის კატეგორიულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღებით, მოგვიანებით, ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასმული შეკითხვების შედგენაში ჩარევით და უხეში ცენზურის მცდელობაში გამოიხატა" - განაცხადა საყევარიშვილმა.
მისი ინფორმაციით, დამფუძნებლის მხრიდან ცენზურის მცდელობა განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობითა და მეგობრობით საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან გელა ბეჟუაშვილთან და მის სურვილთან - "ფორბს ჯორჯიამ" არ გამოაქვეყნოს ისეთი პუბლიკაცია, რამაც შეიძლება ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვიოს.
საყევარიშვილის განცხადებით, დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო სამიანობაში ჩარევისა და ცენზურის მცდელობის არაერთი ფაქტი აქვს ელექტრონული თუ სხვა სახით, თუმცა, ამ ეტაპზე მათი განსაჯაროებისგან თავს იკავებს.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მის განკარგულებაში რჩება ბიძინა ივანიშვილზე მომზადებული სტატიის ორიგინალი.
"არ მაქვს გარანტია იმისა, რომ სტატია დამახინჯებული სახით არ დაიბეჭდება. თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოებას მისი დედანი წარვუდგინო, რათა ამ პუბლიკაციის არასათანადოდ გამოყენების მცდელობა გამოვრიცხო" - განაცხადა საყევარიშვილმა.

















