ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გურამ ჩახვაძე ხვალ პლენარულ სხდომაზე რეგიონებში არსებულ სოციალურ პრობლემებზე გააკეთებს განცხადებას.
როგორც "ნიუსპრესს" ჩახვაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს რეგიონის სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს.
"შემოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რეგიონები, სოფლები და პრობლემები ყველგან იდენტურია - უმუშევრობა, ჯანდაცვა, პენსიები და ასე შემდეგ" - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად არასაკმარისს უწოდებს 30 ლარიან ვაუჩერს და მიიჩნევს, რომ ეს შეღავათი არ არის, რადგან მათ გაცილებით მეტი დახმარება სჭირდებათ.
ჩახვაძე ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას სთხოვს.
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერები საქართველოს მასშტაბით, "კარდაკარის კამპანიის" ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობის გარდა, ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდნენ.

















