პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი გია ყრუაშვილი, მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ტაქსებით შესაძლო ჩანაცვლებას აპროტესტებს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ყრუაშვილმა განაცხადა, მერიის მიერ 2 წლის წინ შემოყვანილი ყვითელი ავტობუსები მწყობრიდან არის გამოსული, მაისიდან კი - მათი საერთოდ გაუქმება იგეგმება.
"მწყობრიდან გამოსული ავტობუსების 50% გლდანის ავტოფარეხში დგას. მათი გარემონტება ვერ ხერხდება. მგზავრებს პიკის საათებში გადაადგილება უჭირთ, რადგან ავტობუსები იგვიანებენ" - განაცხადა ყრუაშვილმა.
მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში ცვლილებები ქალაქში გადაადგილებას გააუარესებს და მოქალაქეთა ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები დედაქალაქის მერიისგან აღნიშნული პრობლემის მოგვარებასა და მოქალაქეთა გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

















